მთავარი ქვეყნები კორუფციის რისკები

კორუფციის რისკები

ეთიკისა და საჯარო ანგარიშვალდებულების არარსებობისას ძლიერდება კორუფცია და სხვა უკანონო ქმედებები, რაც ზიანს აყენებს მშვიდობიანი, წარმატებული და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

კორუფცია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მთავარი გამოწვევაა. კორუფციის შედეგად მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს და ცალკეული პირების ხელში ხდება პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს, თავის მხრივ, იწვევს პოლიტიკური ლიდერებისა და ინსტიტუტების ლეგიტიმაციისა და საჯარო ნდობის დაკარგვას, რაც საფრთხეს უქმნის ეფექტიან მმართველობას.

კორუფცია დიდ საფრთხეს წარმოადგენს მდგრადი განვითარებისთვის, ზრდის სიღარიბეს და უთანასწორობას. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და მათი აქტიური მონაწილეობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი არსებითი წინაპირობაა დემოკრატიული განვითარებისთვის. ადგილობრივ დონეზე კორუფცია სპეციფიკური ფენომენია და მასთან ბრძოლა მუნიციპალიტეტის სპეციფიკაზე მორგებულ მიდგომას საჭიროებს.

კორუფციის შედეგად ადგილობრივი მოხელეები არაეფექტიანად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს. შედეგად, არ მიიღება საზოგადოების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები და ისინი გადაწყვეტილების მიმღები  და მათთან დაკავშირებული პირების ინტერესების შესაბამისი უფროა. ამას მივყავართ საჯარო ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვამდე, ნაკლებად კვალიფიციური მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გაფორმებამდე და ბიუჯეტის არასწორად განაწილებამდე. ყველაზე უარესი  არის ის, რომ კორუფცია საშუალებას აძლევს საჯარო მოხელეებს, არასათანადოდ გამოიყენონ ფინანსები და გამდიდრდნენ მოქალაქეების ხარჯზე.

მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებათა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემების ჩამოყალიბებაა, რაც შედეგად მოგვცემს ეფექტიან საჯარო სერვისებს. მოსახლეობასთან სიახლოვის გამო ადგილობრივი ხელისუფლებები უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან გამოწვევებთან გამკლავებისა და კორუფციის პრევენციისთვის.

დეცენტრალიზაციის თანამედროვე ტრენდის პირობებში, ადგილობრივი ხელისუფლებების ხელში თავს იყრის არა მხოლოდ რესურსები, არამედ აღნიშნული რესურსების გამოყენების  ფართო დისკრეციული უფლებამოსილებაც. შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია პოტენციალი, რომ ან შეამციროს კორუფცია და გააუმჯობესოს სახელმწიფო სერვისები ადგილობრივ დონეზე, ან პირიქით, გაზარდონ კორუფცია და გააუარესონ სახელმწიფო სერვისების ხარისხი.

კორუფციამ შეიძლება გამოიწვიოს საჯარო მოხელეთა დანიშვნა ფავორიტიზმის საფუძველზე და არა დამსახურების მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივ და რეგიონულ დაწესებულებებს ერთმევათ ჭკვიანი და ნიჭიერი კადრების აყვანის შესაძლებლობა. ეს, თავის მხრივ, ქმნის ნაყოფიერ გარემოს კორუფციისთვის და კიდევ უფრო ამცირებს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და მისგან მომდინარე შედეგებს.

არაეფექტური დაწესებულებები შევსებულია ისეთი ინდივიდებით, რომლებიც არ დაინიშნენ თანამდებობაზე დამსახურების მიხედვით. აღნიშნული იწვევს საჯარო სერვისების, და ამ სერვისებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუარესებას, რითაც საფუძველს აცლის საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობასა და ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, ეს იწვევს მნიშვნელოვან ადამიანურ დანაკარგს, სიღატაკეს, სიკვდილიანობას, ცხოვრების შეზღუდულ შესაძლებლობას.

და ბოლოს, კორუფცია ზიანს აყენებს ეკონომიკურ განვითარებას და ხელს უწყობს არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, რაც ამცირებს საჯარო ფინანსების ინოვაციური ან უფრო იაფი პროდუქტებისა და სერვისების მისაღებად მიმართვის შესაძლებლობას. კორუფციის ზეგავლენა ბაზრებზე, ადგილობრივ სახელმწიფო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე ნიშნავს, რომ ბიზნესს არ აქვს არსებობის მყარი საფუძველი  (პერსონალის, უსაფრთხოების, ინვესტიციის და სხვ). აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს კერძო და საერთაშორისო ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორციელებისგან თავის შეკავება.

ზოგადი ადგილობრივი კონტექსტი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და დღემდე არსებული გამოწვევების მიუხედავად ლიდერად გვევლინება რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა და რეიტინგი ადასტურებს. 2005 წელს საქართველო 158-დან 130-ე იყო  საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში, ხოლო 2016 წელს მას იმავე კვლევაში 44-ე ადგილი ეჭირა.[i] ინტენსიური ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების შედეგად, გაიზარდა საქართველოს ეკონომიკის მიმართ ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესების მხრიდან, რამაც მიგვიყვანა საზოგადოების მზარდი კეთილდღეობისკენ და მსოფლიოში საქართველოს, როგორც დემოკრატიული რეფორმების რეგიონულ ლიდერად, აღიარებისკენ. მიუხედავად ამისა, 2019-2020 წლების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. აღნიშნული ხაზგასმულია ევროკავშირის პარლამენტის 2018 წლის რეზოლუციაშიც, რომლის მიხედვით მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამასვე აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ კვლევაში და მიუთითებს, რომ საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებამ დღემდე არ შექმნა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ 2020 წელს განხორციელებული ანტიკორუფციული სისტემის კვლევა მიუთითებს, რომ ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე, ასევე, ძალაუფლების კონცენტრაცია და მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე.

კორუფციის პრევენციის მიზნით, უმნიშვნელოვანესია საქართველომ პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები. 2021 წლის მდგომარეობით, ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების თითქმის 70% საქართველოს მიერ არ არის სრულად შესრულებული.

ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაძლიერება ერთ-ერთ ვალდებულებად განისაზღვრა 2015 წელს დამტკიცებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიით, რასაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN) საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშში დადებითად აფასებს. ამავდროულად, ადგილობრივ დონეზე კორუფცია განსაკუთრებულ ფენომენს წარმოადგენს და საჭიროებს სპეციალურ მიდგომას, რისთვისაც, OECD-ACN-მა საქართველოს მისცა რეკომენდაცია, ხელი შეეწყო ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელებისთვის.

ანტიკორუფციული კანონმდებლობა საქართველოში რამდენიმე კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტისგან შედგება. “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს. კანონი ასევე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენისა და მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, ისევე, როგორც მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.

ანტიკორუფციული კანონმდებლობის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პრინციპებს, ფინანსური მართვისა და კონტროლის, ისევე, როგორც შიდა აუდიტის საკითხებს. საბიუჯეტო პროცესი რეგულირდება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“, რომელიც განსაზღვრავს ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობის საკითხს.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ნორმატიული აქტით რეგულირდება შესყიდვის საშუალებებთან, შესყიდვების მონიტორინგსა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები.



[i] საქართველოს მიერ გამოვლენილი პროგრესი ასევე აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო მაჩვენებლების, კვლევებისა და ანგარიშების მიერ : საერთაშორისო გამჭვირვალობა - Global Corruption Barometer; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - Life In Transition Survey; საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) - Business Perception Survey; მსოფლიო ბანკი - Ease of Doing Business Survey, კანონის უზენაესობის ინდექსი და მონიტორინგის ანგარიშები GRECO-სა და ოესგ-ს (OCDE) ანტიკორუფციული ქსელიდან.

ქრთამის აღება/მიცემა

მექრთამეობა არის დაპირება, შეთავაზება, მიღება ან შუამდგომლობა პირადი სარგებლობისთვის (მაგ. საჩუქარი, სესხი, ჯილდო, სარგებელი და სხვ.) არაეთიკური ან არალეგალური ქმედების საფასურად. მოქრთამვა იწვევს გადაწყვეტილებების მიუღებლობას საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რაც ამცირებს საზოგადოებრივ ნდობას ინსტიტუციების მიმართ და იწვევს ცუდ სახელმწიფო სერვისებს.

საერთაშორისო სტანდარტები

ქვემოთ ჩამოთვლილია საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები მექრთამეობის შესახებ:

ადგილობრივი კონტექსტი

2020 წელს ქრთამის აღება/მოთხოვნის 33 შემთხვევა დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საიდანაც და 55% გაიხსნა. 2019 წელს რეგისტრირებული 63 შემთხვევიდან გაიხსნა 41%. რაც შეეხება ქრთამის შეთავაზება/მიცემას, 2020 წელს შსს-მ დაარეგისტრირა 9 ასეთი შემთხვევა, საიდანაც ექვსი გახსნა, ხოლო 2019 წელს რეგისტრირებული 10 შემთხვევიდან გახსნა ექვსი შემთხვევა.

Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით 2020 წელს საქართველო 200 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზე იყო, რომელიც ბიზნესის რისკს განსაზღვრავს. რისკის ქულა იგივე დარჩა, რაც 2019 წელს იყო, მაგრამ გაუარესდა 2017 წელთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზე იყო 100-დან 23 ქულით. შეფასებული ოთხი მიმართულებიდან (კორუფციის შესაძლებლობა, შეკავება, გამჭვირვალობა და ზედამხედველობა) საქართველოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა კორუფციული რისკების აღკვეთის კუთხით დაფიქსირდა.

2020 წლის ბიზნესის აღქმის ინდექსის მიხედვით, რომელიც 2021 წლის იანვარში გამოქვეყნდა, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იყო 56 ქულით. ინდექსი გაუარესდა წინა წლებთან შედარებით, რადგანაც 2018 წელს საქართველო 41-ე ადგილზე იყო 58 ქულით.

წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ მიღწეული წარმატების მიუხედავად, საჯარო გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები კორუფციის უფრო რთულ ფორმებს გამოწვევად მიიჩნევენ. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების 63% ფიქრობს, რომ ოფიციალური პირების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ფართოდ გავრცელებულია. რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზეზებს, საქართველოში სჯერათ, რომ ესენია ოჯახის წევრების და ნათესავების დასაქმება (92%), საკუთარი ბიზნესის დაცვა (90%), საჯარო ფინანსების მითვისება (81%) და ქრთამის აღება პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ (60%). გარდა ამისა, გამოკითხულთა 3% ასახელებს კორუფციას, როგორც ყველაზე მთავარ პრობლემას ქვეყანაში.

კანონმდებლობა

საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებული დანაშაულები რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე თავით. კოდექსის 338-ე მუხლის მიხედვით, ქრთამის ფულადი ან სხვა ფორმით აღება/მოთხოვნა ისჯება ექვსიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით, ხანგრძლივობა დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმესა და მისი ჩადენის გარემოებებზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ მუხლში დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება შემდეგი: მაღალი საჯარო თანამდებობის ქონა, დიდი ოდენობით თანხის აღება (10,000 ლარის ზემოთ), ჯგუფური განზრახვა, დანაშაულის გამეორება, მრავალჯერადი შემთხვევები, ქრთამის მიღება გამოძალვით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მიხედვით, სასჯელი ქრთამის შეთავაზებისთვის/მიცემისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა, შინაპატიმრობა ან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე დამოკიდებულია დამამძიმებელ გარემოებებზე, როგორიცაა სხვა სისხლის სამართლის ქმედების ხელშეწყობა ან ჯგუფური ქმედების ჩადენა.

სასამართლო პრაქტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუხაესტატეში გ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ თურქეთის მოქალაქისაგან თხილის გადასამუშავებელი საამქროსათვის ფართის გამოყოფაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 20 000 ლარი მოითხოვა. გამგებლის წარმომადგენელმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 4000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს. 2021 წლის ზაფხულის მდგომარეობით, გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 338-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს).

 

 

ინტერესთა კონფლიქტი

ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს მაშინ, როცა ინდივიდს, თავისი მდგომარეობით, შეუძლია მიიღოს სარგებელი იმ ქმედებებიდან ან გადაწყვეტილებებიდან, რომელთაც ის იღებს, როგორც ოფიციალური პირი. ინტერესთა კონფლიქტს - იქნება ის რეალური, შესაძლო თუ პოტენციური - მივყავართ ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც არის, ან მოიაზრება უსამართლოდ და კერძო ინტერესებზე მორგებულად. ეს ამცირებს საზოგადოებრივ ნდობას დაწესებულების მიმართ და იწვევს საზოგადოებისთვის უარყოფით შედეგებს.

საერთაშორისო სტანდარტები

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ინტერესთა კონფლიქტის საკითხს ასევე მოიცავს შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები:

ადგილობრივი კონტექსტი

მიუხედავად იმისა, რომ ინტერესთა კონფლიქტი წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას საქართველოში, პრაქტიკულად არ არსებობს ასეთი შემთხვევების შესახებ ოფიციალური მონაცემები. სამოქალაქო საზოგადოება და საგამოძიებო მედია ხშირად ინტერესდება სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებით, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ხდება ასეთი შემთხვევების გამოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არ ტარდება, მაინც არსებობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი ამ გამოწვევების მოსაგვარებლად. კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში კორუფციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამოყენების სფერო ფართოვდება ყოველწლიურად და ახლა მოიცავს ცენტრალური, მუნიციპალური, საკანონმდებლო და დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების სხვადასხვა წარმომადგენლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მერების გარდა, მათი მოადგილეები და საკრებულოს წევრები, მერიების სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტების) უფროსებიც მოიაზრებიან თანამდებობის პირებად, რის გამოც ისინიც ექვემდებარებიან საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

გარდა ამისა, 2017 წელს შეიქმნა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი,  შემუშავდა დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის ელექტრონული სისტემა და შეიქმნა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის პირველი კომისია. ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული დეკლარაციების გარდა, კომისიის მიერ შეირჩევა მაღალი თანამდებობის პირთა შესამოწმებელი დეკლარაციები. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მიერ. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. 2017 წლის შემდეგ კომისიის მიერ დეკლარაციების შერჩევა აღარ მომხდარა.[i] მონიტორინგის შედეგები და ანგარიშები ხელმისაწვდომია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე.

ამ მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, გამოწვევები კვლავ რჩება. არ არსებობს სტრუქტურა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება ინტერესთა კონფლიქტის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება, კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა, მათ შორის, სანქციების გამოყენების უფლება, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და ინდივიდუალური კონსულტირება. მიუხედავად მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საჯაროდ გაცხადებული ბრალდებებისა, არ არსებობს მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ სანქციების გამოყენების პრაქტიკა.



[i] 2017 წელს 284 ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა; 2018 წელს - 448; და 2019 წელს რაოდენობა გაიზარდა 607-მდე.

 

კანონმდებლობა

საქართველოში არსებობს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი“. კანონის მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური ინტერესების გაცხადებაზე, მამხილებელთა დაცვაზე, საჩუქრების მიღებაზე, საზოგადოებრივი ეთიკის პრინციპებზე, ინტერესთა კონფლიქტსა და კორუფციაზე. ამ კანონით გათვალისწინებული სანქციები მხოლოდ ადმინისტრაციულია და მოიცავს ფულად ჯარიმებს 1 000 ლარამდე და ისეთ დისციპლინურ სანქციებს, როგორებიცაა გაფრთხილება და ხელშეკრულების შეწყვეტა. საქართველოს თანამდებობის პირთა ინტერესთა კონფლიქტის მონიტორინგი ხდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის საშუალებით.

კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ“ ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეებს, აცნობონ ხელმძღვანელ პირებს ad hoc ინტერესთა კონფლიქტის შესახებ; ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით მიიღება გადაწყვეტილება ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე. საჯარო მოსამსახურემ უნდა განაცხადოს მასთან დაკავშირებული პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე საჯარო დაწესებულებაში, დანიშვნიდან ან/და შესაბამის თანამდებობაზე არჩევიდან ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი - ყოველი კალენდარული წლის 1 თებერვლამდე.

კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ დებულებებს პარლამენტის წევრების, მოსამართლეების, პროკურორების, მთავრობის წევრების, ადგილობრივი და რეგიონული საბჭოების წევრების შესახებ. ამასთან, კანონი ათავისუფლებს პარლამენტის წევრებს, პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტების წევრებსა და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების მეთაურებს ad hoc ინტერესთა კონფლიქტის გაცხადების ვალდებულებისგან (მუხლი 11.4). რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების წევრებისთვის არ არსებობს სპეციალური ეთიკის კოდექსი ან სხვა სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ინტერესთა კონფლიქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სასჯელს თანამდებობის პირის მიერ უკანონო საჩუქრების მიღებისთვის. კოდექსის 340-ე მუხლის მიხედვით, ასეთი ქმედებები ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე.

სასამართლო პრაქტიკა

უკანასკნელ წლებში საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები არ გამართულა. თუმცა, არსებობს ინტერესთა სავარაუდო კონფლიქტის მაგალითები, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საუბრობს. ასეთი შემთხვევები მოიცავს, კულტურის სამინისტროს მაგალითს, სადაც მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2,421,743 ლარი მიიღეს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისგან გამარტივებული შესყიდვების ისევე, როგორც პირდაპირი დაფინანსების გზით და სხვა, ასევე გამოვლინდა მაღალი თანამდებობის პირების მიერ აკრძალული საჩუქრის სავარაუდო მიღების შემთხვევები, მინისტრების და მინისტრთა მოადგილეების ბიზნეს ინტერესები. გარდა ამისა, მედია საუბრობდა ისეთ შემთხვევაზეც, როცა პარლამენტის წევრმა შეიძინა (აუქციონის საშუალებით) უძრავი ქონება მუნიციპალიტეტიდან, რომელიც ეკუთვნის იმ ოლქს, რომელსაც თავად წარმოადგენდა საკანონმდებლო ორგანოში. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღწერეს მუნიციპალურ საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა კონფლიქტის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა. მაგალითად, პირი კომერციულ გარიგებაში შევიდა მერიასთან და შემდეგ დაინიშნა ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტექნიკური საშუალებების დეპარტამენტის უფროსად გარიგების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვამდე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა პირმა, დანიშვნამდე ერთი დღით ადრე მიიღო თანხა, მისი კონტრაქტი კვლავ ძალაში იყო და მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის ორწლიანი გარანტია იყო გათვალისწინებული.

 

სხვისი ქონების მითვისება/გაფლანგვა

სხვისი ქონების მისაკუთრება არის ფულის, საქონლის ან სხვა რესურსების არასწორი მითვისება თანამდებობის პირი მიერ, რომელსაც ანდეს ეს ქონება. ეს იწვევს საზოგადოებრივი ფულის დაკარგვას, რაც ამცირებს საჯარო მოხელეთა უნარს, იმოქმედონ საზოგადოების ინტერესების მიხედვით, აუარესებს სერვისებს და შედეგებს ხალხისთვის. ის ასევე ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ.

საერთაშორისო სტანდარტები

ნებისმიერი ტიპის კორუფციას, სხვისი ქონების მისაკუთრებას ფარავს შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები:

ადგილობრივი კონტექსტი

მონაცემების თანახმად, საქართველოში 2004-დან 2014 წლამდე ყველაზე გავრცელებული ფინანსური დანაშაული იყო ქონების გაფლანგვა - მისი 2,155 შემთხვევა იყო აღრიცხული. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქონების გაფლანგვის ყველაზე მეტი - 386 შემთხვევა 2006 წელს დაფიქსირდა. ამის შემდეგ, რაოდენობა დაახლოებით 50%-ით შემცირდა და მოგვიანებით, 2012 წელს გაიზარდა 219 შემთხვევამდე. საზოგადოებრივი აზრი ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით საქართველოში ჯერ არ არის გამოკვლეული. 2019 და 2020 წლების სტატისტიკაში აღნიშნული დანაშაულის რაოდენობა ცალკე მითითებული არ არის, ჯამურად კი ფინანსური სფეროს დანაშაულთა რაოდენობა 217-ა 2019 წელს და 232 – 2020 წელს.

2017 წელს ქონების გაფლანგვისთვის დამამძიმებელი გარემოებების გარეშე სასჯელის სახით ჯარიმასა და თავისუფლების აღკვეთას დაემატა შინაპატიმრობა 6 თვიდან 3 წლამდე.

კანონმდებლობა

საქართველოს კანონმდებლობა განმარტავს გაფლანგვას, როგორც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გაფლანგვას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს  მისი ჩადენა ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და სხვა.

სასამართლო პრაქტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით სსიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მოტყუებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ქონების დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე დააკავებს; ასევე, დაკავებულ იქნა შპს „Techracer“-ის ფაქტობრივი მფლობელი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვა პირის ქონების უკანონო მითვისებაში დახმარების გაწევის ფაქტზე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სსიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა შპს „Techracer-ისგან“ 23 კომპიუტერი გაძვირებულ ფასად შეიძინა, ხოლო უკანონოდ მიითვისა გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილი სხვაობა. ამასთან, სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, საკუთარი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში სსიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, არ მიდიოდნენ ოფისში და გადასცეს მათი სახელფასო ბარათები ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს; ამ უკანასკნელმა უკანონოდ მიითვისა აღნიშნული პირების სახელზე გადარიცხული 29 000 ლარის ოდენობის თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:  თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით, სხვისი ქონების მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების გაწევა. (180-ე მუხლის III პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 182-ე მუხლის II პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის III პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე). გამოძიებას აწარმოებს ანტიკორუფციული სააგენტო.

 

თაღლითობა

თაღლითობა არის მოტყუების გზით უსამართლო ან არაკანონიერი უპირატესობის მოპოვება. თაღლითობა ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ და ამცირებს ხელისუფლების მოქმედების უნარიანობას. ის ხშირად იწვევს სახელმწიფო სახსრების დაკარგვას, რაც ვნებს საჯარო სერვისებს და ხელისუფლების შესაძლებლობას, მოაგვაროს საზოგადოების საჭიროებები და მისწრაფებები.

საერთაშორისო სტანდარტები

ნებისმიერი ტიპის კორუფციას, თაღლითობას მოიცავს შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები:

ადგილობრივი კონტექსტი

2014 წელს რეგისტრირებული იყო თაღლითობის 974 შემთხვევა, რომელთაგან ბრალის წაყენება მოხდა 639 შემთხვევაში. თაღლითობის რეგისტრირებული შემთხვევები 12.22%-ით შემცირდა 2015 წელს, როცა 855 შემთხვევა იქნა აღწერილი. 2015 წელს, აღწერილი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ბრალის წაყენება მხოლოდ 477 შემთხვევაში მოხდა. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს დარეგისტრირდა თაღლითობის 1493 შემთხვევა, საიდანაც 314 (21.03%) იქნა გახსნილი, 2019 წელს დარეგისტრირებული თაღლითობის 1846 შემთხვევასთან შედარებით, საიდანაც წარმატებით გაიხსნა 29%.  როგორც ვხედავთ, აღნიშნულმა დანაშაულმა მკვეთრად მოიმატა, მისი გახსნის მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

არ არის ცნობილი, თუ რა ქმედებები ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ თაღლითობის აღსაკვეთად. გარდა ამისა, 2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა არ შეიცავს თაღლითობასთან ბრძოლის რაიმე ქმედებებს. 2021-2022 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ შემუშავებულა.

კანონმდებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თაღლითობა განმარტებულია, როგორც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. სისხლის სამართლის სანქციები თაღლითობისთვის მოიცავს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე, შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე.

არსებობს რამდენიმე სამართალდამცავი ორგანო, რომლის იურისდიქციაშიც შედის თაღლითობის შემთხვევების დევნა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო (საგამოძიებო და კრიმინალური დანაყოფები), ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საქართველოს პროკურატურა.

სასამართლო პრაქტიკა

2020 წლის 24 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ქუთაისის მერიის სსიპ „კულტურის, ხელოვნებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების კავშირის“ მეცნიერ-თანამშრომელი. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისის მერიაში დასაქმების სანაცვლოდ მოქალაქეს 800 ლარი მოსთხოვა და წინასწარ აიღო 400 ლარი. გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

ნეპოტიზმი

ნეპოტიზმი არის ოფიციალური თანამდებობის ექსპლუატაცია ოჯახის წევრის ან მეგობრის სასარგებლოდ (მაგ. სამსახურში დასაქმებით ან უპირატესობის მიცემით). ნეპოტიზმი და ფავორიტიზმის სხვა ფორმები იწვევს იმას, რომ ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოები მოკლებული არიან საუკეთესო შესაძლებლობების მქონე კადრებს. ეს, თავის მხრივ, ქმნის ნოყიერ გარემოს კორუფციისთვის და ამცირებს ადმინისტრაციის მუშაობის ეფექტიანობასა და ნაყოფიერებას.

საერთაშორისო სტანდარტები

ნებისმიერი ტიპის კორუფცია, ნეპოტიზმი, განხილულია შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებში:

ადგილობრივი კონტექსტი

ნეპოტიზმი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოს საჯარო დაწესებულებების უმრავლესობაში. ხშირ შემთხვევაში თანამდებობის პირები ასაქმებენ თავიანთ ნათესავებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავენ კონკრეტულ შემთხვევებს, როცა მაღალი რანგის თანამდებობის პირების ოჯახის წევრები და მეგობრები საქმდებიან საჯარო დაწესებულებებში. 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ თავიანთ მდგომარეობას, ხოლო მათი 91 პროცენტი, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს, მიიჩნევს, რომ ისინი ამას ნათესავებისა და ახლობლების დასაქმებისთვის აკეთებენ.

კანონმდებლობა

კანონმდებლობა არ ახდენს ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას. სამართლიანი დასაქმების პრაქტიკა განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით და ასევე რეგულირდება ეთიკის ნორმებით, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული მთავრობის დადგენილებით.

სასამართლო პრაქტიკა

პარლამენტის რამდენიმე წევრის ნათესავები დასაქმებული იყვნენ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში (GNCC) პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მოახდინა ნეპოტიზმის 70 სავარაუდო შემთხვევის იდენტიფიცირება საქართველოს მუნიციპალიტეტებში - საჯარო მოხელეთა მეუღლეები, შვილები და მშობლები დასაქმებულები იყვნენ ან იმავე საჯარო დაწესებულებაში, ან ამ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებულ მუნიციპალურ სააგენტოებში. მაგალითად, 2017 წელს, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე დანიშნული იყო ამავე მუნიციპალიტეტის მმართველობაში შემავალ იურიდიულ პირში სპორტულ კლუბებთან ურთიერთობების მენეჯერად.

 

ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენება საარჩევნო კამპანიებში

ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენება[i] საარჩევნო კამპანიებში გულისხმობს პოლიტიკოსებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ ადამიანური, ფინანსური, მატერიალური, in natura და არამატერიალური რესურსების უკანონოდ და ბოროტად გამოყენებას იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და შესაბამისად, დააზიანონ არჩევნების სამართლიანობა.



[i] სახელმძღვანელოს მიზნებისთვის, ”ადმინისტრაციული რესურსები არის ადამიანური, ფინანსური, მატერიალური, in natura და სხვა არამატერიალური რესურსები, რომლებსაც არჩევნებში იყენებენ საჯარო მოსამსახურეები მათი საჯარო სამსახურის ადამიანურ რესურსებზე, ფინანსებზე და ასიგნებებზე კონტროლიდან, საჯარო დაწესებულებების შენობებზე ხელმისაწვდომობიდან და რესურსებიდან გამომდინარე, რაც გამოხატულია პრესტიჟით ან საზოგადოებრივი პოზიციით, როგორც მათი არჩევითი თანამდებობიდან გამომდინარე და რომელიც შეიძლება იქცეს პოლიტიკურ წინსვლად ან მხარდაჭერის სხვა ფორმებად", როგორც ეს განსაზღვრულია „ანგარიშში საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ ", კვლევა No. 585/2010, European Commission for Democracy through Law (Venice Commission), Council of Europe, 16 დეკემბერი, 2013, სტრასბურგი, ხელმისაწვდომია აქ.

 

საერთაშორისო სტანდარტები

ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება საარჩევნო კამპანიებში დარეგულირებულია შემდეგი სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით:

ადგილობრივი კონტექსტი

საქართველოში ჩატარებული არჩევნების კონტექსტში, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ბოლო წლებში დაფიქსირებულ ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო პრობლემას წარმოადგენს.[i] მსგავს შემთხვევებზე საუბრისას ადგილობრივი დამკვირვებლები ხაზგასმით გამოყოფენ ბოლო არჩევნებთან დაკავშირებულ შემდეგ დარღვევებს:

 

  • აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
  • სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება;
  • ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება;
  • ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება;
  • მუნიციპალურ/სახელმწიფო ბიუჯეტში წინასაარჩევნო ცვლილებები სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაფართოების მიზნით წინასაარჩევნო ცვლილება.

 

აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და პრაქტიკაში მათი სათანადოდ აღსრულება, რაც მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებას მოითხოვს.



[i] ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. დეკემბერი, 2017. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2TTBZ3O

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის - საბოლოო ანგარიში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. დეკემბერი, 2020. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3fnJiIp  

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერი და 12 ნოემბერი: საბოლოო ანგარიში. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE) თებერვალი, 2018. ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/odihr/elections/georgia/373600

 

კანონმდებლობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება ადმინისტრაციული შენობების, საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის  ტექნიკის, აგრეთვე სახელმწიფო ინსტიტუტების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაზეც. აღნიშნული კოდექსის 49-ე მუხლი ითვალისწინებს საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვას, რაც შემდეგ გარემოებებს მოიცავს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი  მივლინებების  დროს ხელმოწერების  შეგროვებას  და  წინასაარჩევნო  აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

ამასთან, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. გარდა ამისა, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა.

ადგილობრივი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ვიწროდ განმარტავს ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებას და ხშირ შემთხვევაში ბევრი საკითხი რეგულირების გარეშე რჩება. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლოა განახორციელოს რიგი ქმედებები, რითაც იგი კანონს არ დაარღვევს, თუმცა მის მიერ საზოგადოებისთვის გაწეული კონკრეტული სიკეთეები შეიძლება ისეთი სახით იქნეს მიწოდებული, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდეს ამომრჩევლის ნებაზე.

სასამართლო პრაქტიკა

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE) 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენების რამდენიმე შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ბათუმის შემთხვევით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი „ქართული ოცნების“ (მმართველი პარტია) წინასაარჩევნო ღონისძიების ამსახველი ფოტოების აღნიშნული სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნების გამო გააფრთხილა. ამასთან, თბილისის მერიამ სოციალური რეკლამა გადასცა ეთერში, რომელშიც არსებული ადმინისტრაციის მიღწევები იყო ასახული. უფრო მეტიც, მერიის მიერ ორგანიზებულ გახსნით ღონისძიებებზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იყო მიწვეული.

გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI-G) მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბური მობილიზებას უსვამს ხაზს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი მობილიზება, კანონის პირდაპირი დარღვევაც რომ არ იყოს, სამოქალაქო სექტორის პოლარიზებასა და პოლიტიზებას უწყობს ხელს. საერთო ჯამში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე სულ 16 საჩივარი შეიტანა ცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში, საიდანაც მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა. ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, შემთხვევათა უმეტესობა საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში გაწეულ უკანონო აგიტაციასა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მხრიდან თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას უკავშირდება.

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) - კიდევ ერთი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა ბიუჯეტებში ცვლილებები შეიტანა, რომლის საფუძველზეც გაიზარდა სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

გამოძალვა

გამოძალვა არის იძულების გამოყენება ინდივიდისგან ან დაწესებულებიდან ფულის, საქონლის, მომსახურების ან სხვა უპირატესობის მისაღებად. გამოძალვა მსხვერპლისთვის ზიანის მიყენების გარდა, ამცირებს საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ და შეუძლია ხელი შეუშალოს ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციებს ამ სფეროში.

საერთაშორისო სტანდარტები

როგორც კორუფციის ერთ-ერთი სახეობა, გამოძალვა დაფარულია შემდეგი საერთაშორისო სტანდარტებითა და სახელმძღვანელო დოკუმენტებით:

ადგილობრივი კონტექსტი

გამოძალვა საქართველოში ყველაზე ნაკლებად გავრცელებული დანაშაულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით 2020 წელს საქართველოში სავარაუდო გამოძალვის 79 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 20 (25%) წარმატებით გაიხსნა 2019 წელთან შედარებით, როცა 113 რეგისტრირებული სავარაუდო შემთხვევიდან 51 (45%) იქნა წარმატებით გახსნილი. როგორც ციფრები გვაჩვენებს, რეგისტრირებული გამოძალვის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა 2020 წელს წინა წელთან შედარებით, თუმცა, ამავდროულად შემცირდა წარმატებით გახსნილი საქმეების პროცენტული მაჩვენებელიც.

კანონმდებლობა

სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლი განმარტავს გამოძალვას, როგორც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნას, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. დანაშაული დასჯადია ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გამოძალვისთვის მაქსიმალურ სასჯელად გათვალისწინებულია ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო პრაქტიკა

ამ დროისთვის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისი მაგალითები არ არსებობს.

კლიენტელიზმი

კლიენტელიზმი არის პირადი სარგებლის დაპირება და მიღება (მაგალითად, საჩუქარი, სესხი, ჯილდო, კეთილდღეობა, სამუშაო და ა.შ.) პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. ის ხშირად ემყარება არათანაბარ ურთიერთობას "პატრონსა" (მაგალითად, პოლიტიკურ ლიდერს) და კლიენტს (მაგალითად, ამომრჩეველს) შორის. კლიენტელიზმი იწვევს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ემსახურება რამდენიმე ადამიანის განსაკუთრებულ და არა ფართო საზოგადოების ინტერესებს, რასაც მოჰყვება უსამართლო და არალეგიტიმური შედეგები.

საერთაშორისო სტანდარტები

როგორც კორუფციის ერთ-ერთი სახეობა, კლიენტელიზმი დაფარულია შემდეგი საერთაშორისო სტანდარტებითა და სახელმძღვანელო დოკუმენტებით:

ადგილობრივი კონტექსტი

კლიენტელიზმი არ არის ფართოდ გავრცელებული ტერმინი საქართველოში. ამავდროულად, სამართალდამცავი უწყებები არ აქცევენ სათანადო ყურადღებას კლიენტელიზმის პრობლემას. მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არაერთი ბრალდებისა, რომ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა თითქმის ყველა არჩევნების დროს, ამ საკითხზე გამოძიება არ ჩატარებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო წლებში მსგავსი დანაშაული არ დაფიქსირებულა (ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წელს და 2020 წელს).

კანონმდებლობა

სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის მიხედვით ფულის, ფასიანი ქაღალდების (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, საკუთრების უფლებების, მომსახურების ან სხვა უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაცემა საარჩევნო მიზნებისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ან წინასწარი შეცნობით მისი მიღება, ან ფიქტიური, თვალთმაქცური ან სხვა გარიგება სამართლებრივი შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, თუ ასეთი გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, ისჯება ჯარიმით, თუ ასეთი გარიგების ღირებულება აღემატება 100 ლარს, მაშინ ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით.

სასამართლო პრაქტიკა

ამ დროისთვის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისი მაგალითები არ არსებობს.

 

პატრონაჟი

პატრონაჟი წარმოადგენს ოფიციალური პოზიციის გამოყენებას საჯარო სამსახურში ფავორიტიზმის საფუძველზე პირის დანიშვნის მიზნით, ხშირად პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. ის შეიძლება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული კლიენტელიზმის, ქრონიზმისა და ნეპოტიზმის ცნებებთან. პატრონაჟი იწვევს გადაწყვეტილებების მიღებას არა საზოგადოების ინტერესების, არამედ გადაწყვეტილების მიმღების და მათი თანამოაზრეების ინტერესებს საფუძველზე. ის არღვევს ლეგიტიმური პოლიტიკური გავლენის საზღვრებს და დამსახურების პრინციპებს და იწვევს საჯარო ფინანსების ფლანგვას.

საერთაშორისო სტანდარტები

როგორც კორუფციის ერთ-ერთი სახეობა, პატრონაჟი დაფარულია შემდეგი საერთაშორისო სტანდარტებითა და სახელმძღვანელო დოკუმენტებით:

ვინაიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება საარჩევნო პროცესებში არის პატრონაჟის ყველაზე ფართოდ გავრცელებული, როგორც კორუფციის ფორმა, მასთან დაკავშირებით აქტუალურია შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები:

  • ევროპის საბჭოს კონგრესის რეზოლუცია საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ: ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების როლი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.
  • ევროპის საბჭოსა და OSCE/ODHIR-ის ერთობლივი სახელმძღვანელო საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების პრევენციის და მასზე რეაგირების შესახებ მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღებთა დახმარებას კანონების მიღებასა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებაში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

 

ადგილობრივი კონტექსტი

2017 წელს საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საჯარო სამსახურის სისტემა საქართველოში. ახალმა კანონმა დანერგა თვისებრივად ახალი მიდგომები პრაქტიკაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ერთიანი საჯარო სამსახურის დამკვიდრებას კარიერული წინსვლის, დამსახურების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის საფუძველზე. საჯარო სამსახურში პატრონაჟის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონით არის გათვალისწინებული თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე წესები. მიუკერძოებელი კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად დამკვიდრდა თანამშრომელთა შეფასების სისტემა.

კანონმდებლობა

პატრონაჟი, როგორც ასეთი, ნახსენები არ არის ეროვნულ ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში, თუმცა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არეგულირებს საჯარო მოსამსახურის დანიშვნას, კარიერულ განვითარებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, წახალისებას და დისციპლინურ პასუხისმგებლობას. საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონი ითვალისწინებს გარკვეულ დებულებებს ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ. მთავრობის განკარგულებით, რომლითაც დამტკიცდა საჯარო მოსამსახურეთა ეთიკის წესები, შემოღებულია პრინციპები, როგორიცაა მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და საჯარო მოსამსახურის ანგარიშვალდებულება.

სასამართლო პრაქტიკა

საქართველოში არ არის რეგისტრირებული პატრონაჟის შემთხვევები, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წინა წლებში მიუთითებდნენ საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევებზე, რაც მოიცავდა ნეპოტიზმის მაღალ რისკებს. აღნიშნულ შემთხვევათა უმეტესობა გამოვლინდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მაგალითად, საჯარო მოხელეების (მათ შორის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ქუთაისის საკრებულოს, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების) ოჯახის წევრების დასაქმება მუნიციპალურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში.

 

სახელმძღვანელოები ჩამოსატვირთად

ENG HYE  სომხეთი 

ENG KAT   საქართველო

ENG RON  მოლდოვას რესპუბლიკა 

ENG UKR   უკრაინა

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი