მთავარი ქვეყნები გამჭვირვალობა

გამჭვირვალობა

გამჭვირვალობის პრინციპი აუცილებელია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი, რომლებზეც საჯარო დაწესებულებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენენ, ფლობდნენ ყოვლისმომცველ ინფორმაციას ცალკეული პოლიტიკის შედეგების, ასევე, იმ პროცესების შესახებ, რომლითაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები. სამთავრობო პოლიტიკის, პროგრამებისა და საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს და ადგილობრივ თემებს მკაფიოდ ჰქონდეთ გააზრებული  მთავრობის საქმიანობა, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, ხოლო შემდგომ ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აგრეთვე, გამჭვირვალობის პრინციპი არჩევითი თანამდებობის პირებს, მთავრობის წევრებსა და ოპოზიციას საშუალებს აძლევს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, განახორციელონ ეფექტური კონტროლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მთავრობას მათ ქმედებებზე. გარდა ამისა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რათა ეფექტურად განახორციელონ საზედამხედველო ფუნქციები და გახადონ მთავრობა ანგარიშვალდებული.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომ ფორმატში არსებობა და საზოგადოებისთვის დროულად მიწოდება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის განხილვისას ღია მონაცემების მნიშვნელობაც მკაფიოდ უნდა იყოს ხაზგასმული. ეს მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს ინფორმირებული პოზიციიდან მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მთავრობის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება აწარმოონ, რათა საჯარო მოხელეები პასუხისმგებელნი იყვნენ თავიანთ ქმედებებზე. გამჭვირვალობა მიიღწევა მექანიზმების მთელი რიგით, რაც ემყარება მოქალაქეთა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას. ეს მოიცავს მაღალი თანამდებობის პირებისა და არჩევითი თანამდებობის პირების ქონებისა დეკლარაციისა და ინფორმაციის გამოქვეყნების სისტემას ხელმისაწვდომ და ღია მონაცემთა ფორმატებში.

Open Knowledge Foundation-ის განმარტების თანახმად, „ღია არის მონაცემები, რომელთა გამოყენება, ხელახალი შექმნა და გავრცელება შეუძლია ყველას." აქედან გამომდინარე, ღია მონაცემების კონცეფცია სცდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აქცენტს მის გამოყენებაზე აკეთებს, საიდანაც წარმოიქმნება დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სარგებელი. ამისათვის, გამოქვეყნებული მონაცემები უნდა იყოს სრული, მუდმივი, არა-ექსკლუზიური, დაუპატენტებელი და დისკრიმინაციისგან დაცლილი, ასევე - პირველადი წყაროს მიერ დროულად უზრუნველყოფილი და ელექტრონულად დამუშავებად ფორმატში წარმოდგენილი.[i]

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა უარყოფითად აისახება საზოგადოების საჯარო დაწესებულებების მიმართ ნდობაზე, ზრდის პოტენციურ კორუფციულ რისკებს და ზღუდავს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის. ის ასევე აფერხებს მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების ძალისხმევას მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავებაში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული - პოზიტიური ცვლილებებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას. პრაქტიკით დასტურდება, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ბაზისა და მისი სათანადოდ აღსრულების მექანიზმების არსებობა მოქალაქეთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარემოს შექმნის კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს.

სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სფეროდ განიხილება. ის გლობალური  მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვა შეადგენს მთლიანი სახელმწიფო ხარჯების მესამედს. ამრიგად, სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის, ფარული გარიგებებისა და სხვა უკანონო პრაქტიკის გავრცელების მნიშვნელოვანი არეალია.  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციული რისკების თავიდან ასაცილებლად, ასევე შესყიდვების სატენდერო პროცედურებისთვის, საჯარო უწყებები ხშირად ღია მონაცემთა პრინციპზე დაფუძნებულ ელექტრონულ საშუალებებსა და პლატფორმებს იყენებენ. ღია კონტრაქტებთან ერთად (სადაც ტენდერები და კონტრაქტები საჯაროა), შესყიდვების პროცესის ხელმისაწვდომობის ზრდა უფრო მეტ დაინტერესებულ პირს აძლევს მონაწილეობის საშუალებას და ამცირებს არაკონკურენტული პრაქტიკისა და ქრთამის აღების შესაძლებლობას.

გამჭვირვალობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ღიაობა წარმოადგენს, რამდენადაც ამომრჩევლისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად  არსებითია იმის ცოდნა, თუ საიდან მოდის და როგორ იხარჯება არსებული რესურსი და თუ რომელი ფინანსური, პოლიტიკური თუ სხვა ინტერესები უჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატებს ან პარტიებს. პოლიტიკური შემოწირულობების გამჭვირვალობა არჩევნებსა და პოლიტიკაში უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ პრევენციულ ხასიათს ატარებს.

დაბოლოს, სახელმწიფო რესურსების ეკონომიურად, ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭიროა გარე აუდიტზე პასუხისმგებელი ორგანოს დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ფართო საზოგადოებას უნდა მიეცეს აუდიტორის მიერ მომზადებული ანგარიშებისა და ძირითადი რეკომენდაციების გაცნობის შესაძლებლობა. გარე აუდიტის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევების დასადგენად, საჯარო დაწესებულებების საქმიანობის - მათი გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად.



[i] დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ პუბლიკაციებს:

Larry Lessig, Open Government Data principles.

Vivek Kundra, 10 Principles for Improving Federal Transparency

United Kingdom’s Public Data Principles

ზოგადი ადგილობრივი კონტექსტი

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველომ,  კარგი მმართველობისა და გამჭვირვალობის რეფორმების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საერთაშორისო კვლევებიც ცხადყოფს, რომ ქვეყანამ ეფექტურად გაართვა თავი წვრილმან კორუფციასთან ბრძოლას და ამჟამად აგრძელებს საჭირო რეფორმების განხორციელებას მაღალი დონის კორუფციის აღმოსაფხვრელად, რაც დემოკრატიული სისტემების კონსოლიდაციას და გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა, მათ მიერ გაწეული ძალისხმევა, აქტიური მონაწილეობა და ადგილობრივი საჯარო მოხელეებისთვის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის გამოცდილების გაზიარება.

ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვა საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2020-2025) ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. დოკუმენტის მესამე სტრატეგიული მიზანი - სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება - შემდეგ მნიშვნელოვან ამოცანებს მოიცავს:

1. ადგილობრივ დონეზე მართვისა და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა;

2. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დანერგვა;

3. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესში მაღალი ხარისხის ჩართულობის ხელშეწყობა;

4. ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის და კოორდინაციის სისტემის შექმნა.

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს, რომელიც ასევე თანხვედრაშია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგთან.

ბოლო წლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კარგი მმართველობის სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ინიციატივებში აქტიურად ჩაერთნენ. კერძოდ, რამდენიმე მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) შეუერთდა და ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა ვალდებულებაც აიღო. გარდა ამისა, 2016 წლიდან თბილისის მერია OGP-ის ლოკალური პროგრამის ფარგლებში ღია მმართველობის პარტნიორობის საკუთარ სამოქმედო გეგმებს ახორციელებს. დამატებით, 2020 წელს, OGP-ის ლოკალურ პროგრამას სამი მუნიციპალიტეტი - ახალციხემ, ხონმა და ოზურგეთმა - შეუერთდა, რომლებმაც ასევე აიღეს ვალდებულება შეიმუშაონ თავიანთი პირველი ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმები. გარდა ამისა, 2015 წლიდან, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიით განისაზღვრა მუნიციპალიტეტების ანტიკორუფციული პრიორიტეტები და ღონისძიებები. კერძოდ, 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, სხვა ვალდებულებებთან ერთად, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში კეთილსინდისიერების, ღიაობის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპების გაძლიერებას. ამ მიზნით სამოქმედო გეგმა ადგენს სტრატეგიებისა და აქტივობების შემუშავებას, რაც ასევე ეხმიანება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანაში კარგი მმართველობის პრინციპების გაუმჯობესებას ემსახურება.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ინფორმაციასთან წვდომა მოქალაქეთა მიერ საჯარო მოხელეებისგან ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების იურიდიული უფლებაა. ის ხშირად რეგულირებულია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობით. როგორც გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან და საჯარო უწყებებიდან მაქსიმალური გამჟღავნების პრინციპის შესაბამისად, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ ვიწრო, მკაფიოდ განსაზღვრულ გამონაკლისებს,. თავის მხრივ, გამონაკლისები მათი დაწესების ინტერესის პროპორციული უნდა იყოს (მაგ. უსაფრთხოების საფუძველი ან მონაცემთა კონფიდენციალურობა). იხილეთ მეტი აქ და აქ.

საერთაშორისო სტანდარტები

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას, ხელისუფლების კონტროლსა და კორუფციის მონიტორინგს. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებული მონაწილეობის უზრუნველყოფის კუთხით, შესაბამისად, ფუნდამენტურია დემოკრატიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ინფორმაციის თავისუფლება აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგსა და კონტროლის კუთხით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ემსახურება საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციას და ინფორმირებული საჯარო დებატების გამართვის საშუალებას.

ინფორმაციის მაქსიმალური მოცულობის პროაქტიული გამოქვეყნება ყველაზე ხელმისაწვდომ ფორმატებში მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცემის შესახებ ინდივიდუალური მოთხოვნის წარდგენის საჭიროების შემცირებას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ინფორმაციის მაქსიმალური რაოდენობა ელექტრონულად გამოქვეყნდეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მუნიციპალიტეტებში ინფორმაციის თავისუფლების ოფიცრების დანიშვნას. ოფიცრებმა უნდა მოამზადონ და გამოაქვეყნონ დეტალური რეკომენდაციები როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მათ შორის გასაჩივრების პროცესის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის მოთხოვნის გაანალიზება, განსაკუთრებით ტენდენციებისა და დუბლირების გამოვლენა, რათა შემდგომში ხელისუფლებამ შეძლოს ასეთი ინფორმაციის პროაქტიულად გაცემა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი რიგი კონვენციებისა და სტანდარტების ის ფუნდამენტური კომპონენტია, რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოშია მოცემული. ის საფუძვლად უდევს ევროკავშირის ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ მთელ რიგ დოკუმენტებს. ქვემოთ მოცემული ეხება კონკრეტულად ინფორმაციაზე წვდომას:

ადგილობრივი კონტექსტი

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება საქართველოში აღიარებული და უზრუნველყოფილია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სერვისების კმაყოფილების კვლევის მიხედვით, 2017 წელს, ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 2%-მა მოითხოვა.

რამდენადაც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო ჩართულობის წახალისებისა და კარგი მმართველობის პრინციპების განმტკიცების მიმართულებით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის შეუზღუდავ წვდომას საჯარო ინფორმაციაზე.

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მხრიდან ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს. OGP-ის სამოქმედო გეგმების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მხრიდან ელექტრონული მექანიზმების განვითარებისა და ინფორმაციის იოლად აღქმად ფორმატში გამოქვეყნების თვალსაზრისით აღებული ვალდებულებები, ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის თანახმად, 2019 წელს საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასების შედეგები იყო საკმაოდ დაბალი. შეფასების 0-100%-იან სკალაზე, მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28% გახლდათ (25% მერიების / მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი; 31% საკრებულოების საშუალო შედეგი).

ამ თვალსაზრისით, მუნიციპალურ დონეზე ღიაობისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიზნით, OGP თბილისის სამოქმედო გეგმა 2018-2020 ითვალისწინებს მუნიციპალური ელექტრონული რესურსების გაუმჯობესებას თბილისის მერიის ღია მონაცემების ვებ-პორტალის შექმნის მეშვეობით. განსაკუთრებით, თბილისის ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მეხუთე ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მერიის ვებ-გვერდის განახლებას მოქალაქეებისათვის საჯარო მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ამაღლების მიზნით. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისათვის, თბილისის ვებ-გვერდის ახალი ვერსია მოხმარებელს სთავაზობს პროაქტიული გამოქვეყნების პორტალსა და საჯარო ინფორმაციის გამოწერის ელექტრონულ მექანიზმს.

 

კანონმდებლობა

საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლი ადგენს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს გააჩნია იმ ოფიციალურ დოკუმენტაციასთან წვდომის უფლება, რომელიც შენახულია საჯარო დაწესებულებებში, თუ ისინი არ შეიცავენ საიდუმლო, პირად ან კომერციულ ინფორმაციას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი ადგენს საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურებს (როგორც ცენტრალური, ასევე მუნიციპალური უწყებებიდან). კოდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა - იმ შემთხვევებში, თუ მისი მოძიება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. თუ ინფორმაციის გამოთხოვაზე არის მიღებული უარი, პირებს აქვთ უფლება, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება ორგანიზაციის შიგნით და შემდეგ სასამართლოში, გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.

2013 წლიდან ცენტრალურმა და მუნიციპალურმა საჯარო დაწესებულებებმა მიიღეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პროცედურები და რეგულაციები და დაადგინეს დაწესებულების ვებგვერდზე სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი რომელსაც პერიოდულად აახლებენ.

 

გაიდლაინები

ამჟამად, არ არსებობს ერთიანი ოფიციალური გზამკვლევი საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე განთავსებულია მოკლე ინსტრუქციები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ძირითადად კანონის მოთხოვნების დუბლირებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, გზამკვლევები შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების მიერ, სადაც გათვალისწინებულია ისეთი ინფორმაცია როგორიცაა:  საჯარო ინფორმაციის ბუნება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურები, უფლების დაცვის იურიდიული საშუალებები და პრაქტიკული რეკომენდაციები ინფორმაციის მოძიების  თაობაზე. გზამკვლევების ზოგიერთი რეკომენდაცია მოიცავს:

  • რეგულაციების მიღებას საჯარო ინფორმაციის სამართავად;
  • ელექტრონული მმართველობის სისტემების გამოყენებას;
  • ისეთი ელექტრონული სისტემების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე ელექტრონულ წვდომას;
  • ინფორმაციის მოთხოვნის მიმართულებების ანალიზს; და
  • საჯარო დაწესებულებაში ინფორმაციის თავისუფლების მზარდ როლზე ხაზგასმას.

 

კარგი პრაქტიკა

არსებობს მთელი რიგი საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც მუდმივად კარგი შედეგები აქვთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში. ბოლო 10 წლის მანძილზე სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 100%-იანი ხელმისაწვდომობით ლიდერობენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში. 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, 285 საჯარო დაწესებულებიდან 19-მა ორგანიზაციამ მიიღო 100%-იანი ქულა რეიტინგში. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების შედეგებს, მხოლოდ 7 მუნიციპალიტეტის საკრებულომ (ფოთო, ხობი, ქარელი, ჭიათურა, ხაშური, თელავი და ზუგდიდი) მიიღო უმაღლესი შეფასება (100%)  მთელ რიგ მოთხოვნებში - პასუხის სრულყოფილად და შესაბამის დროში გაცემის გამო. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ათეულში ვერცერთი მერია ვერ მოხვდა, შესაბამისად არცერთი მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წელს IDFI-ს ყველა მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი არ გაუცია. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა და 91,67% შეადგინა, ხოლო თბილისის მერიის შემთხვევაში 7,1%-ით გაუარესდა და 70,45% შეადგინა.

გარდა ამისა, 2017 წელს, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასების მიზნით, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების[i] მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი (LSG Index) დაინერგა. საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2019 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც 7%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (21%). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმის მუნიციპალიტეტმა მიიღო - 61%, რაც 11%-ით აღემატება რუსთავის, როგორც 2017 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტის მაჩვენებელს. გარდა ბათუმისა, გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ხუთ მუნიციპალიტეტს შორის მოხვდნენ: რუსთავი (57%), ლაგოდეხი (56%), ზუგდიდი (55%) და თეთრიწყარო (52%).

გარდა თემატური ბლოკებისა, LSG ინდექსი მუნიციპალური ორგანოების მიერ თავიანთ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ხარისხსაც აფასებს. 2019 წლის შეფასებით, მუნიციპალიტეტების საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთო მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება 2017 წლის შეფასების ანალოგიურ მაჩვენებელს. წინა შეფასების მსგავსად (2017), ყველაზე ცუდი პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების და წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან მმართველობაში მყოფი იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ნაწილში ფიქსირდება.



[i] ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პლატფორმა შეიქმნა - პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ - ფარგლებში, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით, ხელმისაწვდომია აქ.

 

ღია მონაცემები

ღია მონაცემები არის მონაცემთა და ინფორმაციის გამოქვეყნება იმ ფორმატით, რომლის გამოყენება, მოდიფიცირება და გაზიარება თავისუფლად არის შესაძლებელი. ეთგო (OECD) აცხადებს, რომ ღია მონაცემები არის "პოლიტიკის დოკუმენტების ნაკრები, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და ღირებულებების შექმნას სახელისუფლებო მონაცემების  ყველასთვის ხელმისაწვდომობის გზით." მონაცემების გენერირების საშუალებით და თანამდებობის პირების ქმედებების ხელმისაწვდომობის გზით, ხელისუფლება მოქალაქეების მიმართ ხდება მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. ეს ასევე ეხმარება ბიზნესის ზრდას, მოქალაქეებზე კონცენტრირებული სერვისების განვითარებას და უზრუნველყოფს კვლევისა და ინოვაციის მიზნით საჯარო დაწესებულებების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო სექტორისთვის მნიშვნელოვან მონაცემებზე წვდომას.

საერთაშორისო სტანდარტები

ერთი ფანჯრის სისტემით ღია მონაცემების პოპულარიზაციას შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს მონაცემთა თავსებადობის ფარგლები ძიებისა და ანალიზის თვალსაზრისით. შედეგად, შესაძლებელია მომსახურების მიწოდების ეფექტურობისა და ფარგლების გაუმჯობესება და კორუფციის შემცირება. დაინტერესებულ მხარეების, მედიას, ბიზნესსა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შედეგად შეიძლება გაძლიერდეს ეფექტური თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის და გააუმჯობესოს გადაწყვეტილებები ტრანსპორტის, რეკრეაციული ობიექტების, პარკირების ზონების, ჯანდაცვის სერვისების და მრავალი სხვა მიმართულებით.

მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სტანდარტების მიღება ყველა ღია მონაცემისთვის, რათა უზრუნველყოს მონაცემთა მაქსიმალური თავსებადობა და ძებნის შესაძლებლობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ღია მონაცემების გამოქვეყნება კვალიფიციური პერსონალის მიერ და შესაბამისი თანამშრომლების  ღია მონაცემთა სტანდარტებში გადამზადება.

ღია მონაცემები შედარებით ახალი მოვლენაა, რომლის უნივერსალური სტანდარტიც არ არსებობს.  თუმცა, შესაძლოა რამდენიმე სასარგებლო გზამკვლევს დავეყრდნოთ:

ადგილობრივი კონტექსტი

საქართველოში ღია მონაცემები მუშავდება როგორც საჯარო დაწესებულებების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ. მიუხედავად ამისა, ღია მონაცემებს კვლავ ცალკეული ორგანიზაციები აწარმოებენ და მანქანა-კითხვადი მონაცემები შეზღუდულად არის წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მაგალითად, შექმნა ღია მონაცემთა პორტალი (data.gov.ge). პორტალში წარმოდგენილია ინფორმაცია სხვადასხვა საჯარო დაწესებულების შესახებ ღია მონაცემების სახით, მათ შორის შესყიდვებისა და სახელმწიფო ხარჯების შესახებ. პორტალს ადმინისტრირებას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მმართველობის სააგენტო (მანამდე, მონაცემთა გაცვლის სააგენტო). თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო დაწესებულებებს მათ საკუთრებაში არსებული მონაცემთა ბაზების განთავსების ვალდებულება არ გააჩნიათ, ბოლო ოთხი წლის მანძილზე პორტალზე მხოლოდ 173 მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა.

ღია მონაცემების ფორმატმა საშუალება მისცა სამოქალაქო საზოგადოებას, რომ გამოიყენონ ინფორმაცია ანალიტიკური მიზნებისა და ფართო საზოგადოებისათვის სასარგებლო ინოვაციური ინსტრუმენტების შესაქმნელად; თუმცა, ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ცნობიერება დაბალია, რაც წარმოადგენს ასეთი მონაცემების გამოყენებისათვის დამატებით შემზღუდველ გარემოებას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა მონაცემთა შეგროვებისა და გამოქვეყნების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. კერძოდ, ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს და მიიღეს 2019-2020 წლების ღია მონაცემთა სტრატეგიები, ამასთან, 6 მუნიციპალიტეტი (გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები) ღია მონაცემთა მართვის პრაქტიკის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ამ ეტაპისთვის გეგმავს. არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მონაცემთა მართვის შიდა პროცედურების შემუშავება და მონაცემთა დამუშავებასა და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნული გეგმის ნაწილია.

 

კანონმდებლობა

ამჟამად, საქართველოში არ არსებობს ეროვნული ან ადგილობრივი კანონმდებლობა ღია მონაცემების წარმოებისა და გამოყენების შესახებ. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის საქართველოს პარლამენტში ინიცირებაც იგეგმება, ითვალისწინებს ღია მონაცემების განმარტების შემოტანას, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულებებს მათ საკუთრებაში არსებული ღია მონაცემების ღია და მანქანა-კითხვად ფორმატში გამოქვეყნება დაევალებათ.

საერთო სტანდარტების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სჭირდება იურიდიული ჩარჩო მონაცემთა ღია მონაცემთა ფორმატში საწარმოებლად. ღია მონაცემების ფორმატით ინფორმაციის დამუშავება წახალისებულია  ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების მეტი გამჭვირვალობისთვის და არ ეყრდნობა რეგულაციებს.

 

გაიდლაინები

არ არსებობს საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ წარმოებული ღია მონაცემთა სახელმძღვანელო პრინციპები. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ღია მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. 2016 წელს, საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ღია მონაცემების როგორც ხელმისაწვდომობა, ისე მისი ხარისხი. კერძოდ, ადგილობრივ საჯარო ორგანიზაციებისთვის გაიცა რეკომენდაცია, რომ:

  • მოახდინონ მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების იმგვარად ფორმირება და მართვა, რომ შესაძლებელი გახდეს მათი გამოქვეყნება ღია მონაცემთა პორტალზე;
  • უზრუნველყონ განათლების, სოციალურ საკითხთა, ზონირების, რეკრეაციის, ტრანსპორტირების და ა.შ. მონაცემთა ბაზების ღია მონაცემების გამოქვეყნება;
  • გაზარდონ ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა ღია მონაცემთა ეროვნული პორტალის მეშვეობით; და,
  • შეიმუშაონ შიდა სასწავლო მოდული ღია მონაცემების წარმოებისა და გამოქვეყნების შესახებ.

ღია მონაცემების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ  ღია საჯარო მონაცემთა სიმწირეს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს, აგრეთვე, საერთო სტანდარტებისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების არარსებობა განაპირობებს.

 

კარგი პრაქტიკა

ღია მონაცემთა პორტალის - data.gov.ge-ს შემუშავება და გაშვება - შეიძლება შეფასდეს საუკეთესო ეროვნულ პრაქტიკად, რადგან ის უზრუნველყოფს ღია მონაცემების ერთიან სივრცეში განთავსებას და ხელს უწყობს როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებს,  წვლილი შეიტანონ პორტალის განვითარებაში. Data.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ ღია მონაცემთა სიმწირიდან გამომდინარე პორტალის გავლენის შეფასების შესაძლებლობა შეზღუდულია.  მუნიციპალურ ვებგვერდებზე არსებული ზოგიერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია მონაცემთა ფორმატში - უმეტესწილად Excel-ში. თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის პროაქტიულად გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ღია მონაცემთა ფორმატში. გარდა ამისა, სასარგებლო იქნება შეფასების ჩატარება, თუ რა ინფორმაცია შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ღია მონაცემების გამოქვეყნებისათვის.

კიდევ ერთ საუკეთესო პრაქტიკას საფუძველი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩაეყარა. კერძოდ, 2018 წელს შეიქმნა საქართველოს ღია მონაცემთა პორტალი (Data Lab). Data Lab-ის მეშვეობით მომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ მონაცემებსა და ვიზუალიზაციის ძირითად საშუალებებზე, არამედ იმ რესურსებზე, რომელიც გამოიყენება მონაცემთა გასაანალიზებლად, მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაქმნელად, კვლევის ჩასატარებლად, აგრეთვე მობილური და სხვა ტიპის აპლიკაციების შესაქმნელად. უფრო კონკრეტულად, ვებგვერდი შეიცავს 180-ზე მეტი ცენტრალური თუ ადგილობრივი საჯარო დაწესებულებიდან მიღებულ დამუშავებულ მონაცემებს. 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, 1,390-ზე მეტი მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია ელექტრონულად დამუშავებად ფორმატებში (ძირითადად, Excel და CSV) და მოიცავს საჯარო პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის: საჯარო ადმინისტრირება და ადმინისტრაციული ხარჯები, ადგილობრივი მთავრობა, ეკონომიკა, ფინანსები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, სოციალური საკითხები, განათლება, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და საზოგადოება. Data Lab-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ:

  • გაანალიზონ და დაამუშაონ მათთვის საინტერესო მონაცემები;
  • შექმნან მარტივი ვიზუალიზაცია;
  • ღია ფორმატში ჩამოტვირთონ მონაცემთა ბაზები;
  • მონაცემები გააზიარონ სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე;
  • შექმნან ახალი აპლიკაციები.

პლატფორმას აქტიურად იყენებენ ჟურნალისტები, მკვლევარები, აქტივისტები, სტუდენტები და ღია მონაცემთა სპეციალისტები.

 

სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვები წარმოადგენს პროცესს, რომლის გამოყენებითაც საჯარო დაწესებულებები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების შესყიდვას. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო შესყიდვები არის საჯარო სერვისების მიწოდების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ის პირდაპირ უკავშირდება კარგი მმართველობის პრინციპს.

საერთაშორისო სტანდარტები

ვინაიდან შესყიდვები მოიცავს სახელმწიფო ხარჯების დიდ ნაწილს და საჯარო რესურსების კერძო სექტორსა თუ არაკომერციულ ორგანიზაციებზე გადაცემას, ის განსაკუთრებით დაუცველია კორუფციის მიმართ. სახელმწიფო შესყიდვების გზით საჯარო დაწესებულებები განკარგავენ საჯარო ფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიეწოდება კერძო სექტორს ან არაკომერციულ იურიდიულ პირებს. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სფერო განსაკუთრებით მოწყვლადია კორუფციის წინაშე. აუცილებელია საჯარო დაწესებულებებმა  გაზარდონ სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და ხელი შეუწყონ ახალი დაინტერესებული პირების სატენდერო პროცესში ჩართვას იმ დათქმით, რომ თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია უზრუნველყოფილია. ყველა ტენდერის საერთო ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებით, გამოუქვეყნებელი ტენდერების და პირდაპირი შესყიდვების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდება. ღია შესყიდვებისა და ღია ტენდერის პროცედურების გამოყენება ასევე იძლევა პროცესზე უფრო დეტალურად დაკვირვების საშუალებას, რაც კიდევ უფრო ამცირებს კორუფციული პრაქტიკის ფარგლებს. შესყიდვების ღიაობა, ასევე, შეასრულებს პრევენციულ როლს, რადგან საჯარო მოხელეები თავს შეიკავებენ შესყიდვის პროცესის მანიპულირებისგან როდესაც ეცოდინებათ, რომ პროცესის ყველა დეტალი გასაჯაროებულია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისობის მონიტორინგის ყოვლისმომცველი სისტემისა და საჩივრების განხილვის საპასუხისმგებლო მექანიზმის არსებობა, მათ შორის სწრაფი და ამომწურავი პასუხების შესაძლებლობა. მათ ასევე უნდა გააკონტროლონ კონტრაქტების შესრულება, განსაკუთრებით, ვადების გახანგრძლივება და ხარჯების ზრდა, რათა დარწმუნდნენ, რომ ფასისა და ხარისხის თანაფარდობა  დაცულია.

სახელმწიფო შესყიდვებს შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები ეხება:

ადგილობრივი კონტექსტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც ახორციელებს საზედამხედველო ფუნქციებს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა კი ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას და ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მის საქმიანობაზე. ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება მერიების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მერიას ეკისრება ვალდებულება ყოველწიურად წარუდგინოს საკრებულოს ანგარიშები სახელმწიფო შესყიდვების გეგმის გახორციელების შესახებ.

 

კანონმდებლობა

საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო აქტებს წარმოადგენენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა, ისევე როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაეროს,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების მიზნებისთვის გამოყოფილი ფინანსების ეფექტიან გამოყენებას, ახალისებს ჯანსაღ კონკურენციას, ზედამხედველობს შესყიდვათა პროცედურების სამართლიანად და არადისკრიმინაციულად წარმართვას და უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გზით.  კანონმდებლობის თანახმად დავას სახელმწიფო შესყიდვების პროცესთან დაკავშირებით იხილავს დავების განხილვის საბჭო, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას ახორცილებს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. საბჭოს მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო შესყიდვების ყოველწლიურ გეგმას ამტკიცებს მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. გეგმის განხორციელების შესახებ მერია ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. ამ მიზნით ის ყოველწიურად წარუდგენს საკრებულოს შესყიდვების გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშს.

 

გაიდლაინები

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა ელექტრონული შესყიდვების მომხმარებელთა სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო მოიცავს სახელწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების დეტალურ ინსტრუქციებს, მიმწოდებლების, შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სახელმწიფო, ასევე, მუნიციპალური ორგანოებისათვის. დონორის სახსრებით ლოტებად გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (DEP) სახელმძღვანელო, რომელიც UK Aid-ის მხარდაჭერით მომზადდა, მოიცავს დონორის ფინანსური სახსრებით ლოტებად გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის აღწერას. ამასთან, 2018 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადდა სახელმძღვანელო კომენტარები საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ. სახელმძღვანელოში გაერთიანებულია საჯარო მმართველობის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სახელმწიფო შესყიდვები, დისციპლინური სანქციები, საჯარო ზედამხედველობა, მამხილებელთა დაცვა და სხვა.

სახელმძღვანელო დოკუმენტები შემუშავებულია, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ. სახელმძღვანელო Covid-19 პანდემიის პირობებში სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის შესახებ დაინტერესებულ პირებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე აწვდის მარტივად გასაგებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ქმედებების განხორციელების შესახებ. ამასთან,  გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) მეთოდოლოგია მოიცავს შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის შეფასების მარტივ ინდიკატორებს. რეიტინგის თანახმად სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა საქართველოში 86.14%-ით არის შეფასებული. შეფასების შედეგად მარტივად არის შესაძლებელი არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი (LSG Index) შეიცავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ასპექტებს. აღნიშნული ინდექსის მეშვეობით მუნიციპალიტეტებს აქვთ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

 

კარგი პრაქტიკა

ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენდა. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შექმნა ახალი ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია მონაცემები ღია ფორმატში (OCDS), ღია მონაცემების ბაზასთან პირდაპირი წვდომა კი შესაძლებელია პროგრამული ინტერფეისის აპლიკაციის (API) გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა ღია ფორმატში გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს მხოლოდ 2019 წელს და არ არის განახლებადი. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებები გათვალისწინებულია, ასევე, მუნიციპალურ დონეზე.  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის „კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია“ მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე მიმწოდებელთა რაოდენობისა და სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის გაზრდას. სტრატეგია მიღებულ იქნა ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა განხორციელების მიზნით. მსგავსი სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტში. გეგმა ითვალისწინებს  პირდაპირი შესყიდვების წილის შემცირებასა და ხელშეკრულებათა შესრულების მონიტორინგის მექანიზმის დანერგვას. სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის მიმართულებით ვალდებულებათა აღება გაცხადებულია, ასევე, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ.

 

გარე აუდიტი

გარე აუდიტი არის ანგარიშებისა და ფინანსური ინფორმაციის რეგულარული, დამოუკიდებელი, ზედმიწევნითი კვლევა, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო ფინანსების სათანადოდ და ეფექტურად გამოყენება. გარე აუდიტები ხელმძღვანელობენ შესაბამისი კანონმდებლობითა და წესებით. გარე აუდიტს შეუძლია ფინანსური მხარის მიღმა განახორციელოს შემოწმება მთავრობის მიზნებისა და პროგრამების განხორციელებისა და სერვისების მიწოდების მიმართულებით.

საერთაშორისო სტანდარტები
ადგილობრივი კონტექსტი

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების გამოყენებისა და საჯარო დაწესებულებების მუშაობის ეფექტურობის მონიტორინგს. სამსახურს ფუნქციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით და ის უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად.

 

კანონმდებლობა

სამსახურის ფუნქციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლით. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს სამსახურის მანდატს, პასუხისმგებლობას და ორგანიზაციულ სტრუქტურას. საჯარო დაწესებულებებისა (მათ შორის, მუნიციპალური საჯარო დაწესებულებები) და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების ფინანსების მონიტორინგის გარდა, სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგიც. სამსახურს მხოლოდ ზედამხედველობითი ფუნქცია აკისრია და არ გააჩნია მანდატი რაიმე სანქციების დასაწესებლად. მიუხედავად ამისა, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის 241-ე მუხლის თანახმად, სამსახურს აქვს ვალდებულება, დაუყოვნებლივ გაუგზავნოს დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები სამართალდამცავ ორგანოებს.

 

გაიდლაინები

სამსახური რეგულარულად აქვეყნებს აუდიტის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის შემცველ სახელმძღვანელოს საჯარო დაწესებულებებისთვის. ზოგადად, სამსახურის მიერ წარმოდგენილ მითითებებს არ გააჩნიათ იურიდიულად სავალდებულო ხასიათი, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, გენერალური აუდიტორის ბრძანებაში „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული დებულებები. გარდა ამისა, სამსახური აქვეყნებს გზამკვლევებს ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც სასარგებლო იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის მუნიციპალური ბიუჯეტის მომზადების პროცესში აღნიშნული გზამკვლევებით გათვალისწინებული რეკომენდაციები მიუთითებს თუ როგორ უნდა დაუკავშიროთ კონკრეტული მიზანი და ბიუჯეტი ერთმანეთთან; მოიცავს რესურსების განაწილების გამოთვლის მეთოდს (formula-funding) და დაწესებულებების დონეზე ბიუჯეტის შესრულებისათვის გათვალისწინებულ წამახალისებელ ზომებს. დასახელებული გზამკვლევები და რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუნიციპალური ბიუჯეტის სტრუქტურისა და შესრულების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც მოგვიანებით დადებით როლს ითამაშებს სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის დროს.

 

კარგი პრაქტიკა

ვინაიდან სამსახური არის ერთადერთი დამოუკიდებელი დაწესებულება, რომელიც მონიტორინგს უწევს ცენტრალური და ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების მუშაობას, იგი იძლევა მოქალაქეთა მონაწილეობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარანტიას. ბოლო წლებში სამსახურის მიერ დანერგილ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს მოქალაქეთა და დაწესებულებათა ელექტრონული პორტალის ამოქმედება. ელექტრონული პორტალი უზრუნველყოფს სამსახურის ანგარიშების შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის ინტერაქტიული სახით მიწოდებას. ამავდროულად, პორტალის მეშვეობით საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვასა და მონიტორინგის განხორციელებაში. აღნიშნული პორტალის გავლენა დიდია საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით. ეს არის კარგი მეთოდი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის შემოსავალის და ხარჯების შესადარებლად. ამავდროულად, პორტალის მეშვეობით შესაძლებელია მოქალაქეებისა და მუნიციპალური თანამდებობის პირების/თანამშრომლების მიერ საბიუჯეტო პროცესზე გავლენის მოხდენა მუნიციპალიტეტის ზოგადი ფინანსური მდგომარეობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად.

 

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება დემოკრატიული პროცესების ნაწილია და პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის საშუალებას იძლევა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი პრინციპები უნდა მოიცავდეს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების სამართლიანობის გარანტიებს, გამჭვირვალობისა და კერძო შემოწირულობების შეზღუდვის შესახებ მკაცრ წესებს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების ზღვარს, დაფინანსებისა და ხარჯების სრული გამჭვირვალობის სტანდარტებს, დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიებს, კამპანიის დაფინანსების დამოუკიდებელ აუდიტს,  და კანდიდატებსა და წესების დარღვევის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებზე პროპორციული სანქციების თანმიმდევრულად დაწესების რეგულაციებს (როგორიცაა ჯარიმები ან მომავალი საარჩევნო კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების შემცირება).

საერთაშორისო სტანდარტები

პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებისა და ხარჯების მკაფიო წესები და გამჭვირვალე ანგარიშგება აუცილებელია პოლიტიკური კანდიდატების, პოლიტიკური პარტიებისა და სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესანარჩუნებლად. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს უსამართლო უპირატესობა, ძლიერი ვიწრო ინტერესების არასათანადო გავლენა, პოლიტიკის ვიწრო კერძო ინტერესების ქვეშ "დატყვევების" რისკი, და პრიორიტეტების მინიჭება მათი მიზნების მიმართ, საჯარო ინტერესების ხარჯზე.

მექანიზმები და წესები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვებისა და პოლიტიკური კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების შესახებ უნდა შემუშავდეს ისე, რომ უზრუნველყოს თანაბარი პირობები სხვადასხვა პოლიტიკური კანდიდატებისა და პარტიებისათვის. აღნიშნული ემსახურება ფინანსური მხარდამჭერებისგან პოლიტიკური ძალების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები ეხება:

ადგილობრივი კონტექსტი

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ დებულებები ძირითადად ორ სამართლებრივ აქტშია მოცემული, კერძოდ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონი (LPUC) და საქართველოს საარჩევნო კოდექსი (EC), რაც იწვევს ტერმინოლოგიის გარკვეულ შეუსაბამობებს მათ შორის, რეგულირების სფეროს ბუნდოვან გამიჯვნას, ურთიერთ-მითითების სიმრავლეს და ა.შ., რასაც ემატება საარჩევნო კოდექსის დებულება, რომელიც თანამდებობის პირებს შეუზღუდავი საარჩევნო კამპანიის განხორციელების უფლებას აძლევს. გარდა ამისა, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების სანქციას აკლია ეფექტურობა, რადგან ჯარიმა საკმაოდ დაბალია (დაახლოებით 800 ევრო). არჩევნებზე დამკვირვებელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად უჩივიან საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსური, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას.

 

კანონმდებლობა

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი წესები მოცემულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ზემოხსენებულ ორგანულ კანონში. LPUC არეგულირებს პარტიების შექმნას, მათ დაფინანსებას და ფინანსურ მენეჯმენტს და ასევე მათი საქმიანობის შეწყვეტას. ის ითვალისწინებს დაფინანსების შერეულ სისტემას, რომლის დროსაც პოლიტიკური პარტიები უზრუნველყოფილნი არიან სახელმწიფო დაფინანსებით და აგრეთვე შეუძლიათ დააფინანსონ მათი საქმიანობა გარკვეული კერძო წყაროებიდან. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსი შეიცავს დებულებებს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა საარჩევნო კანდიდატების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების შესახებ.

 

გაიდლაინები

საქართველოს სახელმწიფო აუდიტორმა დაამტკიცა სახელმძღვანელო პრინციპები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. მაგალითად, გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს No142/37 ბრძანება ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებულ ფორმებსა და ინსტრუქციებს პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ქონების შეფასების ექსპერტთა ინსტიტუტისგან შეიძინა 2017 წლის შეფასების საერთაშორისო სტანდარტები ქართულ ენაზე და მის საფუძველზე დაამტკიცა გენერალური აუდიტორის ბრძანება, რომელიც ასახავს სტანდარტებს და მეთოდოლოგიას, რომელიც გამოიყენება არამატერიალური შემოწირულობების შესაფასებლად, მათ შორის, არაფულადი საქონელი და მომსახურება, რომელსაც არ გააჩნია საბაზრო ღირებულება და პროფესიონალთა მიერ შესრულებული მოხალისეობრივი საქმიანობა.

 

კარგი პრაქტიკა

IDFI-მ შეისწავლა პოლიტიკური შემოწირულობების შემთხვევები, რომლებიც იწვევდნენ ეჭვებს შემომწირველების კეთილსინდისიერებასა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მათი შეწირულობის კანონიერებასთან დაკავშირებით 2019 წლის განმავლობაში და 2020 წლის 3 ივნისამდე. ანალიზმა გამოავლინა, რომ პოლიტიკური დაფინანსების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრობლემაა ის ფაქტი, რომ ყველაზე აშკარა დარღვევები დაკავშირებულია კანონით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქმედება შეიძლება ფორმალურად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს, მაგრამ რეალურად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კანონის მიზნებს. ამ მიზეზით IDFI–მ მოუწოდა აუდიტის სამსახურს, გააძლიეროს მონიტორინგი, დროულად გამოავლინოს შესაძლო დარღვევები, მოითხოვოს შესაბამისი დასაბუთება და გამოიყენოს ჯარიმები დამრღვევ პირებზე.

 

სახელმძღვანელოები ჩამოსატვირთად

ENG HYE  სომხეთი 

ENG KAT   საქართველო

ENG RON  მოლდოვას რესპუბლიკა 

ENG UKR   უკრაინა

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი